ვინ იყვნენ ფიროსმანის "მეეზოვე" და "აქტრისა მარგარიტა"

 "ფიროსმანი შეხვდა ქალს, რომელიც მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე უყვარდა, კაფე- შანტანის ფრანგი მოცეკვავე და მომღერალი მარგარიტა - მშვენიერი და დახვეწილი, რომელმაც აღტაცება მოჰგვარა მხატვარს. იგი ვერ ახარხებდა გონს მოსვლას: მარგო "მიწაზე დაშვებულ მშვენიერ ანგელოზად ეჩვენებოდა". ბედნიერმა ნიკომ, არც კი დაფიქრებულა, სიხარულით უბოძა მას თავის გული და მთელი თავისი ქონება. შემდეგ კი მადმუაზელ მარგარიტას უზარმაზარმა შავმა თვალებმა უკანასკნელად იხილეს ფიროსმანი, მარგარიტა სამუდამოდ გაქრა", - ასე აღწერდა ფიროსმანის რომანტიკულ ისტორიას მისი პირველი ბიოგრაფი კონსტანტინე ზდანევიჩი.
ფიროსმანის "აქტრისა მარგარიტა" სხვა პოეტების შთაგონების წყაროც გახდა. კონსტანტინე პაუსტოვსკი და ანდრეი ვოზნესენსკი წერდნენ:
"ნიკო ფიროსმანმა თავის დუქანი გაყიდა, მთელი ფულით კი იყიდა ქალაქში გასაყიდად გამოტანილი ყველა ყვავილი და 9 ურმით მარგარიტას მიართვა".
ფიროსმანის ცხოვრებიდან გამქრალ მარგარიტაზე კი პაუსტოვსკი მოგვიანებით დაწერს:
"მარგარიტა ცხოვრობდა როგორც სიზმარი. მისი გული ყველასთვის დახურული იყო. მისი სილამაზე ხალხს სჭირდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ის თავის თავს არ სჭირდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ თავს უვლიდა და კარგად იცვამდა. აბრეშუმში გამოწყობილი და აღმოსავლური სუნამოებით ნაპკურები. ის ქალურობის განსახიერება იყო, მაგრამ იყო ამ სილამაზეში რაღაც ძალიან მკაცრი და ეს მან კარგად იცოდა".
მართლაც ქართველ მხატვართაგან არც ერთზე არ დაწერილა იმდენი, რამდენიც ფიროსმანზე, მის უცნაურ, ლეგენდებით შეფერადებულ დაკარგულ სიყვარულზე. დღევანდელ სტატიაში, ჩვენც გვინდა, გავიხსენოთ ფიროსმანის ორი სურათის ისტორია, რომლებიც ამ უიღბლო სიყვარულს უკავშირდება.
"აქტრისა მარგარიტა"
1909 წლის მარტში ორთაჭალაში აფიშები გამოჩნდა: "სიახლე! თეატრი "ბელ ვიუ" მარგარიტა დე სევერის მხოლოდ 7 გასტროლი თბილისში! შანსონების უბადლო შემსრულებელი, რომელიც ამავე დროს კეკ-უოკსაც შეუდარებლად ცეკვავს".
ლეგენდა, რომელიც მაშინ თბილისში დადიოდა, ასეთია - ნიკოს საყვარელი ბაღი მუშტაიდი იყო, აქ სულის სიმშვიდეს პოულობდა. ერთხელ ჩვეულებისამებრ მუშტაიდს ესტუმრა. ესტრადაზე მომხიბვლელი ფრანგი ქალი მარგარიტა მღეროდა. ნიკოს ერთი ნახვით შეუყვარდა იგი. ამის შემდეგ ნიკოსთვის მარგარიტასა და მხატვრობის გარდა ქვეყანაზე არაფერი არსებობდა. ფრანგი მომღერლის წარსული არავინ იცოდა, მთავარი იყო, მარგარიტას განუმეორებელი და მომაჯადოებელი ხმა ჰქონდა.
ერთხელ დილაადრიან დაზგას მიუჯდა, მუყაო მოიმარჯვა და მარგარიტას ხატვას შეუდგა, დეკოლტეს კაბით, წელზე გრძელი ქამრით, შიშველი მკლავებით, მთელი ტანით გამოხატულ ქალს ოქროსფერი თმები ჩამოუშალა, მხრებზე ოქროს ჩიტი შემოუსკუპა და ხელში ყვავილების თაიგული დააჭერინა.
ზაფხულის ნათელი დილა იდგა. სოლოლაკის შესახვევში, კუთხის სახლის პატარა ორსართულიანი შენობიდან ერთი კვარტალის მოშორებით შეჩერდა ურემი, პირველს მეორე ურემი მოადგა, მეორეს მესამე, როცა მეცხრე ურემი შეჩერდა, მეურმეებმა ურმებიდან ბღუჯა-ბღუჯა გადმოიღეს მინდვრის ნამიანი ყვავილები და კუთხის სახლის წინ წაიღეს.
როცა 9 ურემი ყვავილი მოაბნიეს ქუჩაზე, მერე პირველი ურმიდან სისხლისფერი ვარდები გადმოიღეს და ყვავილების ხალიჩაზე მთელ სიგრძეზე წითლად მოხასხასე ბილიკი გააკეთეს. გამვლელები თვალს არ უჯერებდნენ. ასეთი რამ თბილისში არასდროს მომხდარიყო.
კუთხის სახლიდან მოხუცი გამოვიდა, ქუჩაზე ყვავილების, იასამნის, ლილიის, ტიტას, პიონის ხალიჩა რომ დაინახა, ფეხის შედგმა ვერ გაბედა; პირჯვარი გადაიწერა და შეცბუნებული უკან შებრუნდა.
მალე კიბეზე ოქროსთმიანი ქალი გამოჩნდა, მოსასხამი მოეხურა, იდგა და სივრცეში გაოგნებული იცქირებოდა. უცბად მოსახვევიდან მხატვარი გამოჩნდა, ხელში წითელი ვარდები ეკავა.
ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ლეგენდაა, სიყვარულის ლამაზი ზღაპარი. ფიროსმანს მარგარიტა დე სევერი ნანახიც არ ჰყავდა, ნიკომ "აქტრისა მარგარიტას" პორტრეტი თეატრალური აფიშიდან დახატაო. ასე იყო თუ ისე, 1969 წელს, როცა ლუვრში ფიროსმანის შედევრები გამოფინეს, ყოველდღე მოდიოდა ხანშიშესული ქალი და "აქტრისა მარგარიტას" სურათთან დიდხანს ჩერდებოდა, იგი მარგარიტა დე სევერი იყო.
"მეეზოვე"
რიყეში, ზაქარია ჩიქოვანის სახლის სარდაფში მდებარე დუქანში, რომელსაც ერქვა "ბოლო კეთილი", ნიკალამ "წვერგაბურძგნული, თეფშის ტოლა მედალჩამოკიდებული დვორნიკი" დახატა, როგორც ამბობენ, ძმები მირზოევების ქარვასლის მეეზოვე იეზიდი რაშიდ ადამოვი. ძმებს თბილისში სახლი და მშრალ ხიდზე სასტუმრო "გრანდ ოტელი" ჰქონიათ.
მარგარიტას სიყვარულის დაკარგვის შემდეგ სასოწარკვეთილი ნიკალა ამ მეეზოვემ შეიკედლა კიბის ქვეშ, ერთ ბეწო ოთახში მას შემდეგ, რაც მარგარიტასთან მისულ ნიკალას კარისკაცმა წერილი გადასცა, მარგარიტა წასულიყო, ნიკოს დახატული სურათი დაეტოვებინა და სამუდამოდ ემშვიდობებოდა.
ამბავი კი ასე ყოფილა: გასტროლები დასრულდა და მარგარიტა პარიზში გაემგზავრა. გაოგნებული ნიკალა დუქანში წასულა მეგობრებთან, ღამე იქ გაათია, მერე სურათი აიღო და წავიდა. ერთი სახლის კიბეზე ჩამოჯდა გულდათუთქული, თავზე მეეზოვე წამოადგა და ნიკოს ამბავი მოაყოლა. უსახლკაროს, იმედგაცრუებულს თავშესაფრად კიბის ქვეშ ფარდული შესთავაზა. საჭმელიც თვითონ მოჰქონდა, შვილივით უვლიდა. ფიროსმანი კი დროს ებრძოდა, ხატავდა და ხატავდა.
ერთ დღეს, როცა მეეზოვემ საჭმელი მიუტანა, ნიკომ სურათი დაახვედრა. მეეზოვე, აღტაცებული და გაოგნებული, სურათს გულში იხუტებდა და გაიძახოდა - "არა, ნამდვილად მე ვარ, ნახე, როგორ მგავს". საღებავებით დათხუპნული ნიკალა კი ნაღვლიანი თვალებით იღიმებოდა.

No comments:

Post a Comment